ბათუმის “ჰილტონი” თემურ ჭყონიას სასტუმროს მომხმარებლებს ართმევს

ჯორჯია პალასიქობულეთში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, „ჯორჯია პალასის” მენეჯმენტი, დამსვენებლების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად, კონკურენციის ზრდას, კერძოდ ბათუმში „ჰილტონის” სასტუმროს გახსნას ასახელებს.

როგორც თემურ ჭყონიას სასტუმროს ადმინისტრაციის მენეჯერმა, მაია ნადირაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, გაყიდული ოთახების რაოდენობა 1700-ით შემცირდა. ამას ნადირაძე რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის ლარის გაუფასურებასა და რეგიონში გახსნილ ახალ სასტუმროებს უკავშირებს.

„ქობულეთსა და ბათუმში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. ახლადგახსნილმა სასტუმროებმა, მათ შორის „ჰილტონმა”, ჩვენი დამსვენებელი გარკვეულწილად გადაიბირა და ინტერესიც გაუჩინა” – განუცხადა მაია ნადირაძემ.

„ჯორჯია პალასში” ერთი ადამიანის ერთი ღამით გაჩერების ღირებულება, ორჯერადი კვებით, 149-დან 209 დოლარამდე მერყეობს. ბათუმის „ჰილტონში” ერთი ღამით დარჩენის ფასი კი 390 ლარიდან იწყება.

ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასი” 2009 წელს გაიხსნა, რაც შეეხება „ჰილტონს”, ქართულ ბაზარზე ის მიმდინარე წელს შემოვიდა.“ჰილტონი” ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ავტორი: მარიამ გეგეჭკორი

დაწერე კომენტარი